logo
ENG



ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახლში აკითხავდა ახალგაზრდებს, რომლებიც ბერას "ემუქრებოდნენ"

09 მარ 202115:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/09/aktfm4m0z5sgq2j.jpg

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე იმედთან საუბარში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. ის ამბობს, რომ ჩანაწერი, მისი, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის მონაწილეობით, 2010-2011 წლისაა და ის მოდელირებულია. ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდებთან ოჯახებში მივიდა, რასაც იმით ხსნის, რომ როგორც ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მუქარის შემცველ განცხადებებს შეისწავლიდა.

ჩუბინიძის თქმით, ჩანაწერები უკანონოდ იქნა მოპოვებული და დანაშაული არა სამი ადამიანის საუბარი, "გნებავთ ჭორაობა", არამედ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, მისი მოდელირება და გავრცელებაა. 

ჩუბინიძე ინტერვიუში ამბობს, რომ მან აღმოაჩინა ახალგაზრდების ჯგუფი და ერთერთის მშობელთან გავიდა კონტაქტზე. მისი თქმით, მშობელი ადეკვატური აღმოჩნდა, პროცესში პოზიტიურად ჩაერთო და მედიატორის როლი ითამაშა. 

"იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გავიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს და ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად, როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები.

ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მისი ნდობა მომეპოვებინა. მას დავუსვი ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად, ამით დავამთავრეთ საუბარი. საუბარი კიდევ უფრო კეთილსაიმედო იყო. მშობელი წუხდა, რომ ახალგაზრდები ბევრ დროს ატარებდნენ კომპიუტერთან. ფაქტობრივად, ეს მათზე ცუდად მოქმედებდა", - აცხადებს ჩუბინიძე.

ჩუბინიძის თქმით, მან ურჩია ახალგაზრდებს, რომ სპორტული აქტივობით დაკავებულიყვნენ. 

მან ისაუბრა იმაზეც, მსგავს შეხვედრებში ღარიბაშვილი არ მონაწილეობდა.

"რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილს, 2010-2011 წლებში, როდესაც ის ქართუ ფონდის თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ მსგავსი შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგაზრდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ტიპის ზემოქმედება მოუხდენია", - აღნიშნა ჩუბინიძემ. 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

საქართველოს გენერალური პროკურატურა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა